პატარძლის ამორჩევა / 2013

დიდი გერმანელი მწერლის, რომანტიკოს ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის ნაწარმოებში ,,პატარძლის ამორჩევა,” რომელიც თავად ავტორმა განსაზღვრა, როგორც ,,ისტორია, რომელშიც მრავალი, სრულიად დაუჯერებელი ამბავი ხდება,” ერთმანეთს უპირისპირდება მხატვარი და მდაბიო, რომანტიკული სულის თავისუფლება და უაღრესად მიწიერი ადამიანების ბრიყვული მწიგნობრობა. ჰოფმანი კარგად ხედავს, რომ თუ მხატვარს, რომანტიკოსს, ირეალური ძალები არ დაეხმარება, მისი ბედისწერა ტრაგიკული იქნება. თუმცა, თვით ყველაზე დაოსტატებული ჯადოქარიც კი ვერაფერს გახდება მდაბიო სულის ადამიანებთან ბრძოლაში, თუ მას ფულის ძალა არ მიეხმარა. სპექტაკლიც ამ ირონიულ იდეას მიჰყვება. როგორც პიესაში, ასევე წარმოდგენაში ერთმანეთს ცვლის რომანტიკული, სასიყვარულო, ყოვლად უგვანო პრაგმატული, მისტიკური, ფანტასტიკური გარდასახვები და ფარსული სცენები.