EVANGELION / 2017 წ.

  Evangelion - მოზარდ მაყურებელთა თეატრის სრულიად ახალი და გაბედული პროექტი. ეს არის თანამედროვე, თავისუფალ, მოდერნისტულ საცეკვაო ხერხში გადმოცემული ამბავი. 6 იგავი ბიბლიიდან და სახარებიდან - თეატრის მსახიობები მხოლოდ პლასტიკის საშუალებით გვიამბობენ იოანე ნათლისმცემლის, უძღები შვილის, მარიამ მაგდალელის, სალომესა და იუდას იგავებს, რასაც ასრულებს ქებათა-ქების პირველი ლექსი. იდეის ავტორისა და დამდგმელი ბალეტმეისტერის - გია მარღანიას ამოცანას შეადგენს არა ამ უბრწყინვალესი ტექსტების ილუსტრირება, არამედ იმ ემოციებისა და სულიერი განცდების პლასტიკის ენის მეშვეობით გამოხატვა, რასაც წმინდა წიგნების ეს მონაკვეთები და წარმოდგენაში გამოყენებული კლასიკური თუ თანამედროვე მუსიკა აღძრავს. სპექტაკლი უაღრესად თანამედროვე საცეკვაო ენითაა დადგმული, მაგრამ, ამავე დროს, მასში ოსტატურადაა გამოყენებული შუასაუკუნეობრივი ევროპული მისტერიების ხერხი - ყოველი ახალი ეპიზოდის წინ გამოდის პერსონაჟი, რომელიც კითხულობს შესაბამის იგავს - სწორედ ეს შეადგენს წარმოდგენის დრამატურგიულ ღერძს. მოზარდ მაყურებელთა თეატრმა მიიღო მხატვრული სიმბიოზი, რომელშიც ჰარმონიულად არის შერწყმული: ცეკვა, მუსიკა, დრამატურგია და სახვითი ხელოვნება.