საახალწლო შოუ / 2015 წ.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი საახალწლოდ, 29 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით პატარებს გრანდიოზულ საახალწლო შოუს უმზადებს. მოზარდ მაყურებელთა თეატრში ბავშვებს დიდი მხიარულება ელით - ერთ სცენაზე შეიკრიბებიან სხვადასხვა ზღაპრის გმირები - წითელქუდას მადევარი მგელი და მელაკუდა, ჭიამაიების მწყემსი ბიჭი სალამურა და მომღერალი ჭიამაია, კოლობოკი, მხიარული კონფერანსიე, ფიფქიას ბოროტი დედინაცვალი, მისი ერთგული ჯალათი და მრავალი სხვა საყვარელი პერსონაჟი. ისინი საახალწლო კარნავალისთვის ემზადებიან, რომელიც დახუნძლული იქნება სიმღერებითა და ცეკვით.

ახალ წელს ხომ სასწაულები ხდება! და ჩვენი თეატრის სცენაზეც საოცარი ამბები დატრიალდება - ბოროტი პერსონაჟები სასწაულებრივად გაკეთილშობილდებიან, ბოროტების ჩადენის სურვილი უქრებათ, კოსმოსიდან კი უცნაური კოსმიური სტუმრები გვეწვევიან. საახალწლო ზეიმის მთავარი სტუმარი - ყველასათვის უსაყვარლესი მსახიობი, გივი ბერიკაშვილი მეკვლედ მოგვევლინება და ჩვეული სითბოთი და სიყვარულით მიულოცავს ახალ წელს დიდსა თუ პატარას!