ცისფერი ირემი

არჩილ სულაკაურის ზღაპრული მოთხრობა „ცისფერი ირემი“ სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ბრძოლაზეა აგებული. მოზარდ მაყურებელთა თეატრის ახალი სპექტაკლიც სწორედ სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ამბავს მოუთხრობს პატარა მაყურებელს. დაუნდობელი მონადირის, ჩახმახ ფილთაზარის ძაღლი პიპა გადაწყვეტს, ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სასტიკი პატრონის მონობას და სახლიდან გაიპარება. იგი გზაში დაუმეგობრდება მოხეტიალე მუსიკოს ოლილეს. პიპასა და ოლილეს სურთ, ხელი შეუშალონ ჩახმახ ფილთაზარს, რომელსაც ცისფერი ირმის მოკვლა გადაუწყვეტია. მთავარ გმირებს წინ მრავალი საფრთხე და გამოცდა ელით. თავიანთი კეთილი გულითა და მეგობრების, ტყის ბინადართა დახმარებით, გმირები ამარცხებენ ბოროტებას და პოულობენ გზას იმ სამყაროსკენ, სადაც მეფობს სიყვარული, ერთგულება და თავისუფლება. წარმოდგენის ბოლოს პერსონაჟები პაპუჭინების საოცნებო ქვეყანაში მოხვდებიან, სადაც ყველა ძაღლი თავის კეთილ და მოსიყვარულე პატრონთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.