ნატვრისთვალი

ქართულ ზღაპრებში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი ყოვლისშემძლე ქვა - ნატვრისთვალია! ჩვენი სპექტაკლის პერსონაჟის, ნიკა-ბიჭის მთავარი „იარაღი“ კი მისი კეთილი გულია, რომლის კარნახით კარგ საქმეებს აკეთებს: ცხოველები წამებით სიკვდილს გადაარჩინა, პატარა დრაკონუკაც კი შეებრალა, დაიხსნა და სამაგიეროდ დედა-დრაკონისგან ნატვრისთვალი მიიღო საჩუქრად, მისმა სიკეთემ ქვასაც მოულბო გული და აალაპარაკა. მხოლოდ ხარბი არმაზი აღმოჩნდა არამზადა. აი, მასთან კი შებრძოლება დასჭირდა დატყვევებული მზეთუნახავის გასათავისუფლებლად და მიტაცებული ნატვრისთვლის დასაბრუნებლად. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მეგობრების დახმარებით, არამზადასაც სძლია და ზღაპარიც, როგორც ზღაპრის წესია, კეთილად დაამთავრა.
„ნატვრისთვალი“ არის სპექტაკლი-ზღაპარი ადამიანურ სიკეთესა და გულმოწყალებაზე, რომელიც ნატვრისთვალზე ძლიერიც კი აღმოჩნდება.
წარმოდგენა განკუთვნილია ბავშვებისთვის (5 წლიდან), მათი მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც უყვარს ზღაპრები და თეატრი.