ჭორიკანა ქალები

მეთვრამეტე საუკუნის იტალიელი დრამატურგი და თეატრის რეფორმატორი კარლო გოლდონი წერდა როგორც კომედიებს, ისე ტრაგიკომედიებს, ლიბრეტოებს, ლექსებს და ა.შ. იგი იტალიური რეალისტური კომედიის ფუძემდებლად ითვლება. გოლდონის შემოქმედება საქართველოში XIX საუკუნის მიწურულს გახდა ცნობილი პიესით „ბუზღუნა კეთილისმყოფელი“, რომელიც 1879 წელს იტალიურიდან ივანე მაჩაბელმა თარგმნა. პიესა მაშინვე დაიდგა სათაურით: „როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმს“. ქართულ სცენაზე გოლდონის სხვა პიესებიც ხშირად დადგმულა, მათ შორის: „ორი ბატონის მსახური“, „მშვენიერი ქართველი ქალი“, „სასტუმროს დიასახლისი“, „საპატარძლო აფიშით“ და სხვ. კომედია დელ არტეს სტილში დაწერილი პიესა „ჭორიკანა ქალები“ პირველად 1750 წელს გამოიცა. გოლდონიმ ეს კომედია საგანგებოდ ვენეციის ყოველწლიური კარნავალისთვის დაწერა. სიუჟეტი ასეთია: ბეპომ და კეკინამ დაქორწინება გადაწყვიტეს, მაგრამ ჭორიკანა ქალების ავი ენები მათ ბედნიერებას ხელს შეუშლის - ქორწილის წინ ჭორიკანა ქალები მთელს ვენეციას მოსდებენ ამბავს, რომ კეკინა სინამდვილეში მამამისის შვილი არ არის, ბეპოს ეჭვის ჭია შეუჩნდება და ყოყმანს იწყებს - ამის შემდეგ იწყება დიდი ალიაქოთი და ორომტრიალი.
ასაკი: 10+