მედეა კუჭუხიძე

მედეა კუჭუხიძე, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, რეჟისორი,  განხორციელებული აქვს 80-მდე დადგმა,

       მარჯანიშვილის სახ. თეატრში (1964 წლიდან 2008 წლმადე)  დადგმულ სპექტაკლებს შორის რეზონანსი და აღიარება მოიპოვა შემდეგმა სპექტაკლებმა: მ. ჩიკამაცუს „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (ეს დადგმა  1991 წელს იაპონაში იქნა წარმოდგენილი,  თეატრ „კაბუკის“ მოწვევით, საპასუხოდ საქართველოში წარმოდგენა აჩვენა „კაბუკის“ თეატრმა), ლალი როსებას „პროვინციული ამბავი“ (დაჯილდოვდა მარჯანიშვილის პრემიით და საგანგებოდ მიიწვია მოსკოვში,  საკავშირო თეატრალური საზოგადოებამ), ლალი როსებას „პრემიერა“ (წლის საუკეთესო სპექტაკლი), ლევ ტოლსტოის „ანა კარენინა“, ა. აფინოგენოვის „შიში“ ( წლის საუკეთესო სპექტაკლი, პრემიერა შედგა  კიევში ), ნიკო ლორთქიფანიძის „ჟამთა სიავე“ (სპექტაკლის სცენოგრაფია, მხატვარი გ. გუნია, საუკეთესო სცენოგრაფიის მსოფლიო ათეულში შეიყვანეს), პოლიკარპე კაკაბაძის „სამი ასული და ტყის ქალები“, „პორტოპოლოს ტუსაღები“ , ლ, თაბუკაშვილის „ძველი ვალსი“, რ. კლდიაშვილის „საპოვნელა“(წლის საუკეთესო სპექტაკლი), ჯაბა იოსელიანის „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“, "ტაკიმასხარა, "ეთერიანი"  და სხვა.

   მედეა კუჭუხიძემ განახორციელა დადგმა შოთა რუსთაველის, ალექსანდრე გრიბოედოვის, სოხუმის აკადემიური თეატრების სცენებზე. მათ შორის  განსაკუთრებული აღიარება ჰპოვა ტენესი უილიამსის „მინის სამხეცემ“ (შოთა რუსთაველის თეატრი, 1971წ.), გუდრიჩი-ჰაკეტის „ანა ფრანკის დღიურმა“ (ალექსანდრე გრიბოედოვის თეატრი, 1964წ).

       მედეა კუჭუხიძის სპექტაკლები მონაწილეობდნენ მარჯანიშვილის სახ, თეატრის საგასტროლო ტურნეებში; ქალაქები: ტოკიო, იოკოჰამა, ამაგასაკი, გლაზგო, კაუნასი, მოსკოვი, კიევი, სანქტ-პეტერბურგი, ერევანი. ასევე, მედეა კუჭუხიძის სპექტაკლები მონაწილეობას იღებდა საქართველოს მასშტაბით, სისტემატიურ საგასტროლო ტურნეებში (ქუთაისი, ბათუმი, გორი,თელავი,  სოხუმი).

   მედეა კუჭუხიძე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სადაც აღზარდა მსახიობებისა და რეჟისორების არა ერთი თაობა. მათ შორის ავ. მახარაძე, გ. ფირცხალავა, ბ. ხაფავა, ხ. იოსელიანი, რ. მაყაშვილი, რ. ოქროპირიძე, და სხვ. „თეატრალური ინსტიტუტის“ სცენაზე განხორციელებული სპექტაკლებიდან გამორჩეული აღიარება ჰპოვეს: ჯ. პრისტლის „ვარდმა და გვირგვინმა“, ა. მილერის „ორმა ორშაბათის გახსენებამ“, დიკენსის „ჭრიჭინობელამ ღუმელში“ და სხვ.

      მედეა კუჭუხიძე არის ავტორი რამდენიმე პიესისა და ინსცენირების, როგორიცაა „ყბედი თუთიყუში“ (სპარსული, შუა საუკუნეების ეპოსის „თუთი-ნამეს“ მიხედვით), „დიდი იმედები“ (დიკენსის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით), „დიადი მცირედში“ (ჩინელი კლასიკოსის, ძი იუნის თხზულების მიხედვით). ყველა ეს პიესა და ინსცენირება დაიდგა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მედეა კუჭუხიძის მიერ.

2013 წელს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიულ თეატრში ერნსტ  თეოდორ ამადეუს ჰოფმანის მიხედვით დადგა სპექტაკლი "პატარძლის ამორჩევა".

    მედეა კუჭუხიძე ეწევა პუბლიცისტურ საქმიანობას; კულტუროლოგიურ და სოციალურ საკითხებზე დაწერილი მისი წერილები გამოიცა კრებულში „ლოდი, რომელიც შეურაცხყვეს მაშენებელთა „  (2011წ).