ქართველი მწერალი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1967 წლიდან ნოდარ დუმბაძე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ “ნიანგის” მთავარი რედაქტორია, 1972 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი, ხოლო 1981 წლიდან გარდაცვალებამდე – თავმჯდომარე.

   1950 წლიდან მკითხველი უკვე ინტერესით ადევნებს თვალყურს ლექსებსა და მოთხრობებს, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის კურსდამთავრებული ნოდარ დუმბაძე აქვეყნებს. და მკითხველი ხვდება, რომ ეს ეკონომისტის ჰობი კი არ არის, არამედ ყალიბდება მწერალი, რომელიც დიდი გულითადობითა და სიმართლით ასახავს მისი თანამედროვე საქართველოსა და მისივე თაობის ცხოვრების სიხარულსა და ტკივილებს. იგი თავის რომანებში თითქოს ქრონოლოგიურად მიჰყვება ადამიანის ცხოვრების ეტაპებს. პირველი რომანების ცენტრში დგას ჯერ კიდევ პატარა სოფლელი ბიჭი, რომელსაც მალე მოუწევს დაკაცება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ეს ბიჭი, ერთი შეხედვით, თითქოს ავტორია, მაგრამ, ამავე დროს, უმამოდ გაზრდილი და დედაგადასახლებული თაობის განზოგადოებული სახეა. თვით რომანების სათაურებიც კი თაობის ქრონიკალური კოდია: ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (1960) გვიამბობს იმაზე, რომ ზურიკელასნაირი ბიჭები ოლღა ბებიას, ილიკოსა და ილარიონის გარეშე ვერ გადარჩებოდნენ; ,,მე ვხედავ მზეს” (1962) კი მიგვითითებს, რომ 1937 წლის სიბნელისა და ბოლშევიკური თუ ნაცისტური ტერორის მიუხედავად, ადამიანები მაინც ხედავენ მზეს და მზეს ხედავენ ღამეშიც კი, რასაც ადასტურებს რომანში ,,მზიანი ღამე” აღწერილი ისტორია. 1971 წელს გამოსულ რომანს ,,ნუ გეშინია, დედა!” ჰქვია; ერთის მხრივ, თითქოს მთავარი გმირი ჯაყო, თავის თაობის სახელით მიმართავს წინა თაობას, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, რომელიც მათ შეიძლება შეხვდეთ ცხოვრებაში, მაინც სწორად გაივლიან გზას, ხოლო მეორე მხრივ კი, დედა მუდმივად მის გვერდით არის და მოუწოდებს სულიერი სიმამაცისკენ. ,,თეთრი ბაირაღების” (1973) მოქმედება საპატიმროში ხდება. ნოდარ დუმაბიძისეული სამყაროს ჰუმანური ხედვა სრულად აისახა რომანში: აქაც კი, ამ ქვეყნიერების ფსკერზე მწერალი ეძებს და პოულობს სიკეთეს, აქაც კი შეიძლება შემოიხედოს მზემ, სწორედ აქ უნდა გამოიფინოს მშვიდობის თეთრი ბაირაღები. ბოლო რომანში ,,მარადისობის კანონი” (1980) მთელი ცხოვრების (და არა მარტო შემოქმედების) შეჯამება დაგვიდო წინ მწერალმა: სიყვარული, სიკეთე, ერთმანეთისადმი უანგარო დახმარება, პატიება – აი, რა არის ნოდარ დუმბაძის მთავარი მარადისობის კანონი. იგი ამ კანონიდან არ უხვევს არ ცერთ თავის მოთხრობაში: ,,კუკარაჩა”, ,,უმადური”, ,,მზე”, ,,ძაღლი”, ,,დიდრო”, ,,ელადოს”, ,,კორიდა”, ,,ხაზარულა” . . .

      ამაღელვებელი სითბოთი და სიყვარულითაა აღვსილი ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები. მათში გამჟღავნებულია მისი შვილებისა და შვილიშვილების სახელები, ამიტომ ყველა ბავშვი დიდი სიამოვნებით სწავლობს და საკუთარ თავზე ირგებს დუმბაძის ლექსებს.

     ნოდარ დუმბაძეს ლიტერატურის ყველა ჟანრში აქვს შექმნილი ნაწარმოები. ერთადერთი, რაც მას არასოდეს დაუწერია პიესაა და, მიუხედავად ამისა, მისი თითქმის ყველა თხზულება სცენასა თუ კინოში იქნა განხორციელებული. ეს დაიწყო 1960 წლიდან  როდესაც რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ კოტე მარჯანიშვილის თეატრში დადგა ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (1960), ,,მე ვხედავ მზეს” (1961), რუსთავის თეთრში ,,საბრალდებო დასკვნა” (,,თეთრი ბაირაღების” მიხედვით 1976), რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრის სცენაზე განახორციელა ,,მზიანი ღამე” (1966), ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (1977), ,,საბრალდებო დასკვნა” (1974). შეიძლება ითქვას, რომ ნოდარ დუმბაძე ქართული თეატრის კლასიკოსია.

     სრულიად ბუნებრივია, რომ საბავშვო ქალაქ ,,მზიურის” შექმნის იდეის ავტორის სახელი ეწოდა მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს, სადაც დღესაც იდგმება: "მე ვხედავ მზე" (რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი), "კუკარაჩა” (რეჟ. შალვა გაწერელია, აღადგინა ოთარ ბაღათურიამ) და ,,სიცოცხლის ხე” (მოთხრობების ,,უმადური” ,”მონატრება” და ,,ხაზარულას” მიხედვით რეჟ. კოტე მირიანაშვილი).

      გადაღებულია უამრავი მხატვრული ფილმი და სატელევიზიო სპექტაკლი: ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (1962 რეჟ. თ. აბულაძე); ,,მე ვხედავ მზეს” (1965 რეჟ. ლ. ღოღობერიძე); ,,გზა მშვიდობისა, ჯაყო” (რომანის ,,ნუ გეშინია, დედა!” ეკრანიზაცია, 1972 რეჟ. მ. კოკოჩაშვილი); ,,კუკარაჩა” (1980 რეჟ. თ. ჩხეიძე); ,,საბრალდებო დასკვნა” (რეჟ. გ. ლორთქიფანიძე); ,,მარადისობის კანონი”.

 

     ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ, იაპონურ, პოლონურ, რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, თურქულ და არაბულ ენებზე.