ისტორია

  მოზარდ მაყურებელთა თეატრი 1928 წელს შეიქმნა. მისი დაფუძნება ცნობილი  ქართველი რეჟისორის, ალექსანდრე თაყაიშვილის სახელთანაა დაკავშირებული. თეატრის პირველი სპექტაკლი იყო ნ.საცის ,,ფრიც ბაუერი.” მას მოჰყვა ს.ზაიაიცკის ,,რობინ ჰუდი,” ვ.კურდიუმოვის ,,კაცი შავი სათვალეებით,” ნ.ოგნევის ,,ჰაიავატა,” მ.კლარპიცკაიას ,,დამსმენი” და სხვა. სპექტაკლებს დიდი ინტერესით უყურებდნენ მოზარდები. ამაში, ა.თაყაიშვილის გარდა, დიდი დამსახურება მიუძღოდათ მსახიობებს: გ.კუპრაშვილს, თ.თვალიაშვილს, გ.დარისპანაშვილს, მ.ერგნელს, ცოტა  მოგვიანებით - ვ.არეშიძეს, ი.ნინუას, ა.კაჭკაჭიშვილს, ნ.სიბილას, დ.ცხაკაიას, ნ.ხორავას, მ.ჯაჯანაშვილს, ი.დონაურს, გ.დეისაძეს, ა.ყიასაშვილს, დ.ძნელაძეს, ა.ღვინიაშვილს და სხვებს.  

   XX საუკუნის 30-იანი წლების თეატრის ცხოვრებას სათავეში ედგნენ ა.თაყაიშვილი და ბ.გამრეკელი. მათ ეკუთვნოდათ თითქმის ყველა დადგმა: შ.დადიანის ,,ბოთე და კუსპარა,” კ.ბუაჩიძის და ს.მთვარაძის ,,აურიე რგოლი,” დანიელ ჭონქაძის ,,სურამის ციხე,” ო.თუმანიანის ,,გიქორი,” მიხეილ ჯავახიშვილის ,,არსენა მარაბდელი,” გიორგი ნახუცრიშვილისა და ბ.გამრეკელის ,,ნაცარქექია,” გიორგი ნახუცრიშვილის ,,პატარა მეომრები,” აკაკი წერეთლის ,,პატარა კახი,” ნიკო ლომოურის ,,ქაჯანა” და სხვა. 40-იან  წლებში დაიდგა უილამ შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტა” და ,,ჭირვეულის მორჯულება,” ა.ოსტროვსკის ,,შემოსავლიანი ადგილი,” ფრიდრიჰ შილერის ,,ვილჰელმ ტელი.” 

   50-იან წლებში წარმოდგენებს დგამდნენ გამოცდილი და ახალგაზრდა რეჟისორები: ა.ჩხარტიშვილი, გ.ჟურული, ს.ჭელიძე, ლ.იოსელიანი, კ.სურმავა, ო.ალექსიშვილი, ა.ქუთათელაძე და სხვები. ამ პერიოდში დადგმულ სპექტაკლებში – ვ.დარასელის ,,კიკვიძე,” ვ.როზოვის ,,მისი მეგობრები,” ი.ჭავჭავაძის ,,გლახის ნაამბობი,” ფ.შილერის ,,პრინცესა ტურანდოტი” (კარლო გოცის მიხედვით), ა.აფინოგენოვის ,,მაშენკა,” გიორგი ნახუცრიშვილის ,,კომბლე” გამოჩნდა ახალი აქტიორული სახეები.

   თეატრთან, სხვადასხვა დროს, აქტიურად თანამშრომლობდნენ ცნობილი მხატვრები: ე.ახვლედიანი, ს.ვირსალაძე, პ.ოცხელი, ი.სუმბათაშვილი, ნ.ყაზბეგი, დ.თაყაიშვილი, ფ.ლაპიაშვილი, მ.მალაზონია, მ.ჭავჭავაძე, ა.რამიშვილი, მ.მურვანიძე, გ.ალექსი-მესხიშვილი, ი.გეგეშიძე, თ.ნინუა, ა.ჭელიძე და სხვები.

   მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში რეჟისორებმა _ თ.მაღალაშვილმა, ნ.ხატისკაცმა და თ.ჩხეიძემ თავიანთი სპექტაკლებით: ,,სადა ხარ, სოფიკო?” ,,მერი პოპინსი,” ,,უბედურება,” ,,დარისპანის გასაჭირი,” ,,კიკვიძე,” ,,დონ სეზარ დე ბაზანი.” 

   50-70-იან წლებში საინტერესო სცენურ სახეებს ქმნიდნენ თეატრის წამყვანი მსახიობები: გ.რევაზიშვილი, ა.ფხალაძე, ნ.ცერცვაძე, რ.თავართქილაძე, ფ.სონღულაშვილი, ლ.ძიგრაშვილი, ი.ელისაშვილი, მ.აბაშიძე, ხ.იოსელიანი, ი.ტყავაძე, ე.ასლამაზიშვილი, ე.სიხარულიძე, ლ.მექვაბიშვილი, ც.ჟორჟოლაძე, ო.ბაღათურია, ვ.მაზმიშვილი, ტ.გიორგაძე, ბ.ხაფავა, ნ.მაჭავარიანი, ნ.პაატაშვილი, ლ.ჯაყელი, ო.სეთურიძე, მ.გოგიჩაიშვილი, შ.ქრისტესაშვილი, ბ.ჯაფარიძე, ნ.ჯავახიშვილი, ჯ.ფილფანი, ა.იოსელიანი და სხვები.

   თეატრის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რეჟისორ შალვა გაწერელიას შემოქმედებას. მან წარმატებულ მსახიობთა არა ერთი თაობა აღუზარდა ეროვნულ სასცენო ხელოვნებას და 70-90-იან წლებში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სპექტაკლი დადგა მოზარდ მაყურებელთა თეატრში: კ.გუდრიჩისა და ა.ჰაკეტის ,,ანა ფრანკის დღიური,” ვაჟა-ფშაველას ,,მოკვეთილი,” დავით კლდიაშვილის ,,ირინეს ბედნიერება” (დაჯილდოვდა კოტე მარჯანიშვილის პრემიით) და ,,ქამუშაძის გაჭირვება,” ბერტოლდ ბრეხტის ,,სიმონა მაშარის სიზმრები,” ბორის ლავრენევის ,,რღვევა,” მ.ჯაფარიძის ,,ჩვენებურები,” (დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფო პრემიით),  ნოდარ დუმბაძის ,,კუკარაჩა,” ირაკლი სამსონაძის ,,აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე.” ამ სპექტაკლებში დასამახსოვრებელი სახეები შექმნეს მსახიობებმა: გ.ძნელაძემ, ნ.ბერაძემ, თ.ლოლაშვილმა, გ.მახათაძემ, მ.თევზაძემ, ა.მახარობლიშვილმა, იოსებ მოლოდინაშვილმა და სხვებმა.

   შემდგომ პერიოდში თეატრში მუშაობდა ნიჭიერი რეჟისორი ქეთევან ხარშილაძე, რომელმაც განახორციელა დადგმები: გ.მამლინის ,,სალამი დინოზავრებს!” ვალერი აგრანოვსკი  ,,შეაჩერეთ მალახოვი!”  იაკობ გოგებაშვილის  ,,იავნანა,” ასტრიდ ლინდგრენის ,,ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი,” თამაზ ბაძაღუას ,,ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო!” ედმონ როსტანის ,,შანტეკლერი.”

   აღსანიშნავია ოთარ ბაღათურიას, როგორც მსახიობის, რეჟისორისა და დრამატურგის მოღვაწეობა. მისი სპექტაკლები: ვლადიმერ ტენდრიაკოვის ,,ბანკეტი,” დავით კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირი,” მისივე ,,ამიკო” და ,,ავი ლომისგან დღეს, ვინ გადაარჩენს ტყეს?” (იაროსლავ სტელმახის მიხედვით) ღირსეულ ადგილს იკავებდნენ თეატრის რეპერტუარში.

   თეატრი ხშირად დადიოდა საგასტროლოდ საქართველოს ქალაქებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

   გასული საუკუნის 90-იან წლებში თეატრი სერიოზული ორგანიზაციული და შემოქმედებითი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მას აღარ ჰქონდა საკუთარი შენობა (რუსთაველის გამზირზე მდებარე  ნაგებობა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შეეწირა) რაც სრულფასოვანი მუშაობის საშუალებას არ იძლეოდა. ეს პროცესი წლების მანძილზე გრძელდებოდა. 

  1998 წელს გაერთიანდა მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრები საერთო სახელწოდებით _ ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური  საბავშვო თეატრი. მან ბინა დაიდო აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის ყოფილ შენობაში, რომელსაც საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს” დახმარებით. 

   2007 წელს თეატრის მმართველად დაინიშნა რეჟისორი მიხეილ ანთაძე. მისი სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ,,ნაცარქექია,” ,,კონკია,” ,,პეპი,” ,,წითელქუდა,” ,,თოვლის ბაბუს არჩევნები,” ,,ზღაპარი მუსიკის შესახებ.” 2007-2012 წლებში თეატრის სცენაზე სპექტაკლებს დგამდნენ რეჟისორები: მაია შენგელია (ილია ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივი”), ანატოლი ლობოვი (,,კალაბოკი,” ,,ალისფერი ყვავილი,” ,,ოქროსთმიანი პრინცესა,” ,,ჩექმებიანი კატა”), მიქაელ ხაჩატუროვი (ო.უაილდის ,,ვარსკვლავბიჭუნა”), თამარ თუხარელი (ო’ჰენრის ,,წითელკანიანთა ბელადი,” ჰ.ანდერსენის ,,თოვლის დედოფალი”), დენ ხლიბოვი (,,კიდობანთან ზუსტად რვაზე”), რაჟდენ კერვალიშვილი (,,კოლხეთის შვილობილი”), გურამ ვაშაკიძე  (ე.რადინსკის ,,მოხუცი მსახიობი ქალი”), ირაკლი ჯაოშვილი (,,სათაფლიას ზღაპარი”) , გიორგი სავანელი (ედუარდო დე ფილიპოს ,,ნეაპოლი _ მილიონერთა ქალაქი”), ეკატერინე შარიქაძე (,,იღბლიანი მკითხავი,” ,,ბრემენელი მუსიკოსები”), გიორგი ქანთარია (კ.გოცის ,,მეფე-ირემი”), გიორგი თავაძე (მორის მეტერლინკის ,,ნიშნობა”).

   ამ სპექტაკლებში მონაწილეობდნენ მსახიობები: რ.თავართქილაძე, ლ.მექვაბიშვილი, ბ.ხაფავა, ნ.მაჭავარიანი, მ.გოგიჩაიშვილი, მ.არჯევანიძე, ო.არველაძე, ო.მჭედლიშვილი, ტ.ალიოშკინა, მ.შარიქაძე, ნ.პაატაშვილი, ს.მოლოდინაშვილი, ნ.ლორთქიფანიძე, ნ.ლეჟავა, ვ.ჯანგიძე, ბ.მეგრელიშვილი, მ.მაისურაძე, კ.თოლორდავა, გ.ჩიქობავა, ვ.ხანდამაშვილი, დ.ხლიბოვი, ბ.გვაზავა, ლ.გვაზავა, ქ.ჩაჩუა, მ.ჩართოლანი, მ.ბარდაველიძე, კ.გაბელაია, დ.ხახიძე, გ.გოგიშვილი, ა.ხუროშვილი, ნ.ყურაშვილი, პ.მხეიძე, კ.ჭოლაძე, ს.შვედკოვი, ე.გაბედავა, ვ.ახალაძე, ნ.გელაძე, ა.ზამბახიძე, ზ.ავსაჯანიშვილი, თ.მამულაშვილი, ლ.მანაგაძე, ტ.სოროკინა, დ.ენუქაშვილი, ნ.კიკაჩეიშვილი, თ.ლორთქიფანიძე, რ.მიქელაძე, ა.ლეჟავა, ნ.კვანტალიანი, მ.კიტია, გ.კაჭახიძე და სხვები. გარკვეულ პერიოდში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო გამოჩენილი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე.

   2013 წლის იანვრიდან თეატრს სათავეში ჩაუდგა რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი. უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაიდგა: ანრი პოპესკუს ,,მზის სხივი” (რეჟ. ბ.კუპრეიშვილი), ალექსანდრე გელმანის ,,დეჟაàვუ” (რეჟ.ხათუნა მილორავა), ვაჟა-ფშაველას ,,სათაგური” (რეჟ. ოთარ ბაღათურია), ბარი კიფის ,,ჩაგავლეთ!” (რეჟ.დავით ბახტაძე), გრიგორი გორინის ,,ბარონი მიუნჰაუზენი” (რეჟ.ელენე მაცხონაშვილი), ნ.დუმბაძის ,,კუკარაჩა” (რეჟ. შალვა გაწერელია, აღადგინა ო.ბაღათურიამ), ,,ალისფერი ყვავილი” (ქართულ და რუსულ ენებზე, რეჟ.ალექსანდრე ლობოვი), დავით კლდიაშვილის ,,ირინეს ბედნიერება” (რეჟ.დ.ხვთისიაშვილი), გ.ნახუცრიშვილის ,,ჭინჭრაქა” (რეჟ.გ.ქაჩიბაია, განახლებული დადგმა), ნ.დუმბაძის ,,სიცოცხლის ხე” (ნ.დუმბაძის მოთხრობების მიხედვით ქართულ და რუსულ ენებზე, რეჟ.კ.მირიანაშვილი), ე.ჰოფმანის ,,პატარძლის ამორჩევა” (რეჟ.მ.კუჭუხიძე). 

   თეატრის მთავარი მხატვარია ნ.ჩიტაიშვილი. სპექტაკლებს აფორმებენ: ა.ჭელიძე, ლ.მურუსიძე.........

   2013 წლის 14 აპრილს თეატრის წინ გაიხსნა გამოჩენილი მსახიობის, რევაზ თავართქილაძის, 18 მაისს _ ღვაწლმოსილი მსახიობების _ ბერტა ხაფავასა და ლადო მექვაბიშვილის,  22 ივნისს კი _ ცნობილი არტისტის, რეჟისორისა და დრამატურგის _ ოთარ ბაღათურიას ვარსკვლავები. 

 

 

მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრი

 

 

   ამიერკავკასიაში პირველ მოზარდ მაყურებელთა თეატრმა 85 წლიანი საინტერესო შემოქმედებითი გზა განვლო. მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდი რეჟისორ ნიკოლოზ მარშაკის სახელთანაა დაკავშირებული. იგი სამი ათეული წლის მანძილზე ქმნიდა შესანიშნავ სპექტაკლებს: ა.წერეთლის ,,პატარა კახი,” ა.სუმბათაშვილის ,,ღალატი,” ფ.შილერის ,,ვერაგობა და სიყვარული” და ,,ყაჩაღები,” ჰ.ბიჩერ-სტოუს ,,ბიძია თომას ქოხი,” ბ.შოუს ,,ეშმაკის მოწაფე,” ე.შვარცის ,,თოვლის დედოფალი,” და სხვა. 

   მარშაკმა თავის გარშემო შემოიკრიბა ნიჭიერი ახალგაზრდები: მსახიობები _ ნ.რუსლანოვი (შემდგომში თეატრის დირექტორი), კ.შახ-აზიზოვი (შემდგომში მოსკოვის ცენტრალური საბავშვო თეატრის დირექტორი და ასიტეჟის საბჭოთა ცენტრის პირველი პრეზიდენტი), ა.იუდინი, ნ.გლობენკო-თურმანიძე, ო.ორიოლი, ლ.რომანოვი, პ.ნერიასოვი, მ.ბუბუტეიშვილი, ჩ.კიროვა, ო.ბელენკო, თ.პაპიტაშვილი; რეჟისორი ე.ვახნიანსკი, პედაგოგიური ნაწილის გამგე კ.ვაისერმანი (შემდგომში თეატრის დირექტორი 30 წლის მანძილზე), მხატვარი ი.შტენბერგი. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ მსახიობები: ა.ენგელგარდტი, ე.აგალაროვა, ე.ჭონიშვილი, ვ.ურუსოვი, ლ.კუბარევა, ი.სუხანოვი, მ.მინეევი, ფ.სტეპუნი. 

   მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის ინიციატივით შეიქმნა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს თბილისის მუშთაიდის ბაღში. 

   სცენის მრავალი სახელგანთქმული ხელოვანი მჭიდროდ იყო დაკავშირებული თეატრთან. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი რეჟისორის, გ.ტოვსტონოგოვის მიერ დადგმული სპექტაკლები: ა.ჩეხოვის ,,ხელის თხოვნა,” ნ.გოგოლის ,,ქორწინება,” ა.ბრუშტეინის ,,ცისფერი და ვარდისფერი,” ბ.პერსონოვის ,,დიდი ერეტიკოსი,” ა.რახმანოვის ,,შფოთიანი სიბერე.” თეატრში მოღვაწეობდა გამოჩენილი მსახიობი ე.ლებედევი. თეატრის კულისებში თავის პირველ ლექსებსა და სიმღერებს ქმნიდა ცნობილი ბარდი ბულატ ოკუჯავა. იგი სცენის მემანქანედ მუშაობდა. 

   მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თეატრში მოვიდა პროფესიონალი რეჟისორების ახალი ნაკადი: მ.გიჟიმყრელი, ვ.ვოლგუსტი, რ.შაფთოშვილი. ნ.მარშაკის შემდეგ თეატრს ხელმძღვანელობდა მსახიობი ივანე გვინჩიძე. მისი სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ნ.დოლინას ,,ისინი და ჩვენ,” ვ.ტურის ,,ვინ მოკლა ტომი?” ე.რადზინსკის ,,104 გვერდი სიყვარულზე,” ვ.კანდელაკის ,,მაია წყნეთელი.” 

   საინტერესო კვალი დატოვეს თეატრის ცხოვრებაში რეჟისორებმა: თემურ აბაშიძემ (კ.გოლდონის ,,ორი ბატონის მსახური,” ნ.დუმბაძის ,,მე ვხედავ მზეს,” ს.მარშაკის ,,კარუსელი,” რ.როჟდესტვენსკის ,,რექვიემი”), ვ.ვოლგუსტმა ( ლ.გერასკინას ,,სიმწიფის ატესტატი,” მ.ლერმონტვის ,,ესპანელები,” რ.სტივენსონის ,,განძთა კუნძული,” ლ.ალექსიძის ,,რისთვის?” ს.მიხალკოვის ,,ზაიკა-ზაზნაიკა”), ლ.მირცხულავამ (ა.შტეინის ,,მომღერალი ქვიშა,” ა.ანჩაროვის ,,დრამატული სიმღერა).

   თეატრში მუშაობდნენ გამოჩენილი მხატვრები: მ.გოცირიძე, ი.შტენბერგი, ფ.ლაპიაშვილი,  ნ.ყაზბეგი, გ.ცერაძე, გ.მესხიშვილი, მ.ჭავჭავაძე, ვ.ტაგიროვი, მ.ციცქიშვილი, ნ.გაფრინდაშვილი, ი.გეგეშიძე ა.ჭელიძე, შ.გლურჯიძე, მ.ობრეზკოვი და სხვები. 

   1974 წლიდან თეატრი წარმოდგენებს მართავს აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობაში.ამაში დიდი წვლილი თეატრის დირექტორს ირინე გოცირიძეს მიუძღვის. თეატრი აღჭურვეს უახლესი ტექნიკით, ორი დარბაზით:დიდი და მცირე.მცირე დარბაზში ი.გოცირიძის თაოსნობით აღდგა თოჯინური სპექტაკლები. 

   ძალიან საინტერესო მიუზიკლი – ა.გაიდარის ,,ბუმბარაში” – დადგა თეატრში ლატვიიდან მოწვეულმა შესანიშნავმა რეჟისორმა ა.შაპირომ. მასში დასამახსოვრებელი სახე შექმნა მსახიობმა ე.ბასილაშვილმა.

   თეატრის სცენაზე ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ მსახიობები: ი.ბალა, გ.მალიშევა, ი.შვედკოვი, ი.აივაზოვი, გ.არველაძე, ო.არველაძე, ტ.ალიოშკინა, მ.მერგელოვი, ვ.ობრეზკოვი, ვ.კული, ს.ლიუტროვი, ო.მჭედლიშვილი, ს.შვედკოვი, ბ.გვაზავა, ს.ვარდანიანი, ა.ლობოვი, ს.შველიძე, ნ.ნელიუბოვა, ვ.ვინოგრადოვა, ს.ვინოგრადოვი, მ.არჯევანიძე და სხვები. 

   20 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა თეატრს რეჟისორი ნიკოლოზ ჯანდიერი – ასიტეჟის ქართული ცენტრის პრეზიდენტი. მისი სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: გ.პოლონსკის ,,რეპეტიტორი,” ვ.ოლშანსკის ,,მოვდივარ საძებნელად!” დავით კლდიაშვილის ,,ირინეს ბედნიერება,” ა.დე მიუსეს ,,სიყვარულით არ ხუმრობენ.” მასთან ერთად წარმატებით  მუშაობდა რეჟისორი გია კიტია, რომლის სპექტაკლები გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი გამომგონებლობითა და ფანტაზიით: ევგენი შვარცის ,,თოვლის დედოფალი,” ო'ჰენრის ,,წითელკანიანთა ბელადი,” ჯერომ კ ჯერომის ,,ტომი,” ვ.სერგიენკოს ,,ძაღლების ვალსი,” ,,ბრემენელი მუსიკოსები". სპექტაკლებისთვის მუსიკას წერდა კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე.
თეატრი ხშირად დადიოდა გასტროლებზე როგორც საქართველოში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში.