ქარიშხალი

პიესა „ქარიშხალი“ შექსპირის ბოლო პერიოდის ნაწარმოებთა რიცხვს მიეკუთვნება. (დაიწერა 1611 ან 1612 წლებში) მეტიც - დრამატურგის მკვლევართა ნაწილი მას შექსპირის უკანასკნელ პიესადაც მიიჩნევს - ეს ავტორის ერთგვარი პოეტური თეატრალური ანდერძია, სადაც დრამატურგი გარკვეულწილად ემშვიდობება თეატრს, ხოლო პიესის მთავარი პერსონაჟი - ყველასაგან მოკვეთილი ჰერცოგი, ჯადოქარი პროსპერო ავტორის ერთგვარ ალტერ-ეგოდაც კი ითვლება. ნაწარმოების სიუჟეტი ჯადოსნურ კუნძულზე ვითარდება. მაგიის ხელოვნებით მეტისმეტად გატაცებული მილანის ჰერცოგი იძულებული ხდება მშობლიური ქალაქი დატოვოს, მას თან მცირეწლოვანი ქალიშვილი, მირანდა მიჰყავს. მამა-შვილი ჯადოსნურ კუნძულზე აღმოჩნდებიან, სადაც უჩვეულო არსებები და სულები სახლობენ. პროსპეროსა და მირანდას მრავალი წლის განმავლობაში მათ გვერდით უწევთ ცხოვრება, თუმცა ერთ დღეს ყველას ცხოვრება იცვლება - ბედისწერის თუ მაგიის წყალობით, კუნძულის გასწვრივ გემი მიცურავს. იქ იტალიის დიდგვაროვნები შეკრებილან - მეფე ალონსო, მისი ძმა სებასტიანი და ვაჟი ფერდინანდი, აგრეთვე პროსპეროს მეტოქე, მილანის ჰერცოგი ანტონიო. პროსპერო ქარიშხალს გამოიწვევს, გემი იძირება, იქ მყოფნი კი ჯადოსნურ კუნძულს შეაფარებენ თავს, სადაც თითოეულ მათგანს უცნაური თავგადასავალი ელის...