სალამურა

მოზარდ მაყურებელთა თეატრი პატარებს მორიგ საჩუქარს სთავაზობს - არჩილ სულაკაურის ყველასთვის საყვარელ ნაწარმოებს ჩვენს სცენაზე ახლებური ინტერპრეტაციით იხილავთ. „სალამურას“ ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი კოტე მირიანაშვილი გახლავთ. წარმოდგენა გაჯერებულია მუსიკითა და ორიგინალური ქორეოგრაფიით.

ორმოქმედებიან წარმოდგენაში პატარები შეხვდებიან მათთვის კარგად ნაცნობ პერსონაჟებს: სალამურასა და ციცინათელების მწყემს ბაიას, გაბღენძილ მეფე ქონდარ მეთხუთმეტეს, დედოფალ ქონდარინეს და მათ ვაჟს, უფლისწულ ქონდარუხს, გაიძვერა ქონდართუხუცესს, ბრძენ კინა-ლოკოს და მრავალ სხვას.

ჯიუტი და თავნება უფლისწული ქონდარუხი სიზმრად ციცინათელების მწყემს ბაიას ნახავს და მასთან თამაშს მოიწადინებს. ამიტომ ღამის შიკრიკები ბაიას იტაცებენ და ქონდარეთში მიჰყავთ. ჭიამაიების მწყემსი ბიჭუნა სალამურა კი, მშვენიერი ბაიას გადასარჩენად გაემართება, გზად მას ბევრი თავგადასავალი ელის: ბაგირზე სიარულსაც ისწავლის და მუშტი-კრივსაც, ახალ მეგობრებსაც შეიძენს. შეძლებს თუ არა სალამურა ბაიას გადარჩენას, ამას მაყურებელი ჩვენი თეატრის სცენაზე თავად იხილავს.